“საზოგადოებამ დაინახა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ინსტიტუტს და ბევრ ევროპარლამენტარს აქვს სრულიად მიკერძოებული, პოლიტიზებული მიდგომა საქართველოსადმი”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა.
მან ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებსა და კონკრეტული ევროპარლამენტარების გამოსვლებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„საზოგადოებამ რაც გუშინ იხილა, ეს ძალიან შორს იყო საღი თუ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკისგან. ეს იყო ჩვეულებრივი იაფფასიანი პოლიტიკური შოუ უსაფუძვლო და აზრს მოკლებული ბრალდებებით საქართველოსადმი. საზოგადოებამ დაინახა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ინსტიტუტს და ბევრ ევროპარლამენტარს აქვს სრულიად მიკერძოებული, პოლიტიზებული მიდგომა საქართველოსადმი. სამწუხაროდ, მათ მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები აქციეს იარაღად ისევ საქართველოს წინააღმდეგ.
ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ საქართველო ვერ და არ გახდება ვიღაცის ხელში დასაკრავი ინსტრუმენტი, რომ თავის ჭკუაზე ატარონ და ამატრაკვეცონ. ქვეყანა ნებისმიერი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად გააგრძელებს მშვიდობიან, რაციონალურ, პრაგმატულ პოლიტიკას.
ჩვენ ერთგული ვართ ასევე ევროპული მისწრაფებების, დიალოგის, კონსტრუქციული თანამშრომლობის, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, მოსახლეობის ინტერესების, სუვერენიტეტის თუ დემოკრატიის ხარჯზე“, – აღნიშნა მახაშვილმა.