ირაკლი ღარიბაშვილი: ბიუჯეტი ერთი მილიარდი ლარით გაიზარდა და სოციალურად ორიენტირებული გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” მმართველობის ორი წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტი ერთი მილიარდი ლარით გაიზარდა და სოციალურად ორიენტირებული გახდა.
“ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე 6%-ია. მსოფლიო ბანკის წლევანდელი ანგარიშით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, რეგიონში ჩვენი ქვეყანა არის პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის – მეორე ადგილზე. რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის – “Fitch”, “Moody’s” – მიხედვით, საქართველოს პოზიციები სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ხოლო “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში” 19 საფეხურით დავწინაურდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გახდა უფრო ძლიერი და ეფექტური, საფინანსო ინსტიტუტები კი – უფრო სანდო და წარმატებული. განსაკუთრებული წინსვლა გვაქვს ექსპორტის კუთხით. ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 24%-ით, მათ შორის, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირთან 70%-ით, ხოლო რუსეთთან – 534%-ით. 2 წლის განმავლობაში, ბოსტნეულის ექსპორტი გაზრდილია 53%-ით, ხილის – 91%-ით, მინერალური წყლების – 159%-ით, ღვინის – 221%-ით; ხოლო ციტრუსის – 1040%-ით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ეს ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრებია, თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.
მისივე თქმით, უპირველესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, არის ბიზნესის გათავისუფლება ხელისუფლების ზეწოლისაგან.
“ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე სწორედ პოლიტიკური წნეხი იყო ის ძირითადი მიზეზი, რამაც შექმნა ამდენი პრობლემა ეკონომიკაში. დღეს სახელმწიფომ შექმნა ისეთი გარემო, სადაც კერძო სექტორს შეუძლია სწორად და გრძელვადიანად განვითარდეს. ამ 2 წლის განმავლობაში უკვე დარეგისტრირდა და გააქტიურდა 46 000 ბიზნესსუბიექტი. ასეთი მიდგომით, შემდგომ ორ წელიწადში ინტენსიურად უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვის მქონე გადამხდელების, ანუ მსხვილი გადამხდელების რაოდენობა 418-ით, ხოლო მათი ერთობლივი შემოსავალი – 4 მილიარდ ნახევარი ლარით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი განპირობებულია ეკონომიკის გაჯანსაღებით, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებით, ახალი კომპანიების შექმნით და ბიზნესების გამსხვილებით, ანუ კერძო სექტორში მეტი შემოსავლის მობილიზებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ამ ცვლილებების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ 2015 წელს თბილისში ტარდება EBRD-ის წლიური შეხვედრა; ასევე, მისი ინიციატივით ფუძნდება “აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი”.
“ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდი ლარით და გახდა სოციალურად ორიენტირებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდოთ წარმოების განვითარებაში, რადგან სწორედ წარმოების განვითარებაა ეკონომიკის აღმავლობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტია. სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის სტიმულირებისა და ხელშეწყობის ასეთი მასშტაბი, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, ბევრ ქვეყანას არა აქვს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები