„ყველა რეგიონს აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი მეურნეობით სოფლები ფეხზე დადგეს“

საქართველოში ყველა რეგიონს აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი მეურნეობით ფეხზე დადგეს სოფლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” მთავრობის 2-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთვის გაიხსნა ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი, რომელიც საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აითვისოს.
“საქართველოში ყველა რეგიონს აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი მეურნეობით ფეხზე დადგეს სოფლები. მეტიც, თითოეულ რეგიონში არსებობს იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ადგილობრივ ბაზარს სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია თავისი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს და ჩვენი მთავრობის პოლიტიკაც სწორედ ეს არის – იმპორტის მაქსიმალურად ჩანაცვლება ადგილობრივი, მაღალი ხარისხის პროდუქციით და ექსპორტის განვითარება. მთავრობის თანამიმდევრული, გათვლილი ნაბიჯებისა და რეალური პოლიტიკის წარმოების შედეგად, ჩვენს გლეხებს პროდუქცია უკვე გააქვთ რუსეთის ბაზარზე, რაც მათთვის დიდი შეღავათია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გაცილებით დიდი გეგმები და პერსპექტივები გვაქვს – საქართველოსთვის გაიხსნა ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი და ეს ბაზარი უნდა ავითვისოთ, რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
“ჩვენ ვეხმარებით მცირემიწიან ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოებში – 2 წლის განმავლობაში დაიხნა 420 ათასი ჰექტარი მიწა. ყოველ წელს 800 ათასი გლეხი იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან. ამაში 300 მილიონამდე ლარია დახარჯული. ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, სოფელს ასეთი დახმარება არ ახსოვს. გლეხებს უსასყიდლოდ მივაწოდეთ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების სათესლე მასალა, 107 მილიონის ღირებულების სასუქი, 48 მილიონ ლარამდე ღირებულების შხამქიმიკატები, 54 მილიონამდე ლარის ღირებულების ინვენტარი. ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. 2013 წლის მარტიდან გაცემულია 492 მილიონი ლარის 21 ათას 400 აგროკრედიტი. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ესაა ნახევარი მილიარდის ინვესტიცია მხოლოდ ამ პროექტში და ახალი საწარმოებისთვის, რომლის უმნიშვნელოვანეს შედეგებს უახლოეს მომავალში ყველა დაინახავს. ამ პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 89 ახალი საწარმო, ხოლო გადაიარაღდა 521. ინტენსიურად ვმუშაობთ სასმელი და სარწყავი წყლით სოფლების მომარაგებაზე. 35 მუნიციპალიტეტში განხორციელდა სასმელი წყლით მომარაგების 53 პროექტი. ჩატარდა პრაქტიკულად ყველა სარწყავი მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. გარემონტდა 1500 ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხოლო 3 ათას კილომეტრამდე სარწყავ არხს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ქართული სოფლისა და გლეხის მიმართ ხელისუფლების მიდგომები წინა წლებს შეადარა.
„მაშინ, როცა 2009-2011 წლებში, მთელი სამი წლის განმავლობაში გადამუშავდა მხოლოდ 88 ათას 700 ტონა ყურძენი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით, გლეხებისგან შესყიდულია 200 ათასი ტონა ყურძენი. წლების განმავლობაში ყურძნის ფასი 50-დან 90 თეთრამდე მერყეობდა, 90 თეთრი იყო მაქსიმუმი, რასაც გლეხი იღებდა. შარშან და წელს კი ყურძნის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და მინიმუმ ლარი ღირდა. თუმცა, რქაწითელის ფასმა ლარნახევარს, საფერავის კი – 3 ლარსა და 40 თეთრსაც კი მიაღწია”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხალხმა თავისი შრომის შედეგად 270 მილიონი ლარი აიღო. პრემიერის განცხადებით, წელს პირველად სახელმწიფო ეხმარება ვაშლის მწარმოებლებს და გაიცემა სუბსიდია არასტანდარტულ ვაშლზე, რისთვისაც 1 მილიონ 600 ათას ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, ეს სერიოზული შეღავათი იქნება გლეხებისთვის და ხილის მწარმოებლებისთვის. “წელს სულ სხვა ვითარება გვქონდა ატმის რეალიზაციაშიც, რაც წლების განმავლობაში უდიდესი პრობლემა იყო. ატმის ექსპორტი გაზრდილია 74%-ით და შეადგინა 5.4 ათასი ტონა – ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ატმის რეალიზაციით 5 მილიონ 500 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო”, – აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი თხილის ექსპორტი, რადგან წელს 107 მილიონი დოლარის ღირებულების თხილის რეალიზაცია მოახდინეს გლეხებმა და ფერმერებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები