პროკურორი – 4 ოქტომბერს დაკავებულ 14 პირზე: სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ პირდაპირ ეთერში გაშუქებული ძალადობრივი ქმედებები, რომელიც განხორციელდა 2025 წლის 4 ოქტომბერს

“პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე, 14 პირის მიმართ დღეს დაიწყო სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ პირდაპირ ეთერში გაშუქებული ძალადობრივი ქმედებები, რომელიც განხორციელდა 2025 წლის 4 ოქტომბერს”, – ამის შესახებ პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ისაუბრა.

“დღევანდელი ვიდეოთი დადასტურდა, როგორც ორგანიზატორთა მიერ მოწოდება ძალადობრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე, ასევე, უშუალოდ აქციაში ძალადობრივი ქმედებებით გამორჩეულ პირთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები. დასტურდება სხდომაზე მყოფი ბრალდებულების მონაწილეობა, აღნიშნული ბრალდებულები ფიგურირებენ საქმის მასალებში.

მომდევნო სხდომაზე იქნება წარმოდგენილი ეპიზოდურად თითოეული მათგანის მონაწილეობა, ასევე, შესაბამისი ჰაბიტოსკოპიური დასკვნები, რითაც დადასტურდება აღნიშნული პირების იდენტიფიცირება. ცალსახად დასტურდება, რომ [პრეზიდენტის სასახლის] ღობე დაზიანდა ფიზიკური შემხებლობის შედეგად, უშუალოდ შედუღების ადგილას,” – განმარტა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 14 პირის პროცესი გაიმართა.

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები