საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა
საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორთან შეიხ საუდ ბინ აბდულა ალ-მუაჯიბთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი, საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურასა და საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი – პრედიკატი დანაშაულის, ტერორიზმის, მისი დაფინანსების და ფულის გათეთრების სფეროში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დელეგაციის წევრებთან ერთად ექსტრემისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ცენტრის (ETIDAL) სათავო ოფისში შეხვედრა გამართა ცენტრის გენერალურ მდივანთან დოქტორ მანსურ ალ-შამარისთან.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ შეხვედრა გამართა, ეროვნული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მეთაურთან, ბრიგადის გენერალთან ომარ ბინ აიდა ალ-ტალჰისთან.