დავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები გადაფაროს.
„ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა. ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს განიხილავს. ეჭვი მეპარება, მათ რაიმე არგუმენტი ჰქონდეთ, ან რა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თუ რაიმე აქვთ, სასამართლოში წარადგინონ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 13 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ „საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს“.