ჩინეთში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური სხდომა გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-6 სხდომა გაიმართა. კომისიაში ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური მონაწილეობდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა გაღრმავდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. ,,განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თითქმის ყველა მიმართულებით ეკონომიკურ სფეროში. რა თქმა, უნდა პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ხაზი გავუსვით მნიშვნელობას სატრანსპორტო კავშირების გაღრმავების კუთხით და იმას, რომ ჩინეთიდან ტვირთების უფრო მეტი მოცულობის მოზიდვა მოხდეს საქართველოს გავლით ევროპაში გადასაზიდად. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივ პროექტებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები. ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ჩინეთთან ტურისტული ურთიერთობების გაღრმავება,-‘’განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. კომისიის სხდომა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილემ, გაო იენმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილის, გაო იენის განცხადებით, ჩინეთის მხარე მზად არის გაზარდოს საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარება. სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ კომისიის წევრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ, დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის მხარე მზადაა ხელი შეუწყოს ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, პოპულარიზაციას და საიმპორტო მოცულობის ზრდას. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მხარეს უახლოეს მომავალში 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 26 სხვადასხვა დასახელების 225 ერთეული სამელიორაციო-საირიგაციო ტექნიკა გადმოეცემა. სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა სავაჭრო–ეკონომიკურ საკითხებზე საქართველო–ჩინეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მე–6 სხდომის ოქმს. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები სიჩუანის პროვინციის ვიცე გუბერნატორს, გან ლინს შეხვდნენ. 2014 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 380 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა. ამავე პერიოდის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 68%-ით, იმპორტი კი 23%-ით გაიზარდა, რაც ადასტურებს, რომ საქართველო ჩინური ბიზნესექტორისთვის სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება.