ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ თუ ჰელსინკის კომისიის განცხადებებს თავიდან ბოლომდე გავყვებით ვნახავთ, რომ ყოველთვის ტყუილზე იყო დამყარებული – სააკაშვილი ხომ ლამის დამარხეს
„ჩვენ თუ ჰელსინკის კომისიის განცხადებებს თავიდან ბოლომდე გავყვებით ვნახავთ, რომ ყოველთვის ტყუილზე იყო დამყარებული – სააკაშვილი ხომ ლამის დამარხეს,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ათასობით ქართველის მოწამვლას ხელი მოაწერეს ისე, რომ არც კი უკითხავთ სიმართლეა თუ ტყუილი.
„საქართველოს ამის გამო ხომ ასანქცირებდნენ. ახლა ხომ ათასობით ქართველის მოწამვლას ხელი მოაწერეს ისე, რომ არც კი უკითხავთ სიმართლეა თუ ტყუილი. გამოძიებასაც და სანქციებსაც ითხოვენ. მაგათი მიზანი ხომ ვიცით რა არის? უილსონს ფული რაში აქვს აღებული, ხომ ვიცით? როდემდე უნდა ვიყოთ ამათი შანტაჟის შემყურენი და ასე ვუყუროთ როგორ დაგვაშანტაჟებენ, ათასი უბედურებისკენ როგორ გვიბიძგებენ. ჩვენ ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო ვართ, ერი ვართ, თავმოყვარეობა არ გაგვაჩნია?! შეიძლება ყოველი „ფეიკის“ გარშემო ქვეყანაში დაძაბულობა იყოს და ახალი შხამი შემოდიოდეს? ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და მივხვდეთ, რომ ეს სამყარო ვარდისფერი ფერებით დახატული არ არის. დაუნდობელი ბრძოლა მიდის და ჩვენ ამ დაუნდობელ ბრძოლაში ჩვენი თავი უნდა გადავირჩინოთ. ესაა საქართველოს ნომერ პირველი ამოცანა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა, თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ცნობები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და სანქციები დააწესონ“.