მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის
,,წლევანდელი წელი ეუთო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან უკვე ორმოცდაათი წელი გავიდა და ეს თარიღი გვახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის წინ შეთანხმებული პრინციპები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანი მოგვარება და ადამიანის უფლებების პატივისცემა დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და მილიონობით ადამიანის ღირსებისთვის”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუეთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიულ დატვირთვას არ ატარებს.
„ეს პრინციპები პირდაპირ ეხმიანება უსაფრთხოების იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა დგას. საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოცი პროცენტი დღემდე ოკუპირებულია და რუსეთის კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ოკუპაციის შედეგები მძიმეა: ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკული შემთხვევები და ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ათწლეულებია იმედით ელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას. საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ და არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფას. ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ სრულდება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა შესაძლებლობა სრულად განხორციელოს თავისი მანდატი და ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე. საქართველოს მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება“, – განაცხადა მინისტრმა.