საემიროებიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

 

  არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური გარემოს შესწავლის მიზნით, თბილისში საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი იმყოფება – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიხა ლუბნა ბინთ ხალიდ ალ ქასიმი პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.
შეხვედრის ძირითადი თემა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნესშესაძლებლობები იყო. არაბთა გაერთიანებული საემიროების მინისტრი ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საკითხით დაინტერესდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორია, რასაც საქართველო ძალიან აფასებს. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ საემიროებიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროექტებს და რეფორმებს, რომლებიც ხელისუფლებამ აღნიშნული დარგების განვითარების მიზნით განახორციელა. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები