ალექსი პეტრიაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმება აფხაზეთის ანექსიის მცდელობაა და წარმოადგენს გამოწვევას ნატოს, ევროკავშირისა და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების დროულად აღსრულების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. ლინას ლინკევიჩიუსმა მზაობა გამოთქვა ლიტვის ხელისუფლების მხრიდან ამ პროცესში პრაქტიკული დახმარების თაობაზე. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების საკითხზე და ხაზი გაესვა ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო 2015 წელს ლატვიაში, ქ.რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები