თინა ხიდაშელი: ბეჟაშვილს არ მივცემთ საშუალებას, მუშაობის პარალიზება მოახდინოს

 

კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი შესაძლოა, შეიცვალოს
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოქმედი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრებმა შესაძლოა, ხელმძღვანელის შეცვლის საკითხი დაყენონ. დღევანდელ სხდომაზე ჯგუფის ხელმძღვანელი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი არ მივიდა, რის გამოც სხდომა ჯგუფის სხდომის ფორმატში არ ჩატარდა.
ბეჟაშვილის არმისვლის მიზეზი კი ის გახდა, რომ სხდომის გამართვის ადგილი თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაა.
ჯგუფის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ბეჟაშვილს არ მიცემა საშუალება, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალიზება მოახდინოს. “სხდომა არ ტარდება, რადგან ბატონი ბეჟაშვილი, რომელიც ჯგუფის ხელმძღვანელია, პარლამენტის შენობაში მოსვალაზე უარს აცხადებს. ყურადღება უნდა გავამახვილო იმაზე, რომ მათი ეს ბოიკოტი უკვე დარღვეულია – გუშინ ბატონი ბობოხიძე მთელი დღე აქ იყო და სხვადასხვა სხდომებს ესწრებოდა. ბატონ ბარამიძეს არა აქვს პრობლემა, უცხოელ დელეგაციებთან შეხვედრებს დაესწროს, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ, სადაც საქმეა საკეთებელი, არ მოდიან და სადაც თავია მოსაწონებელი და გამოსაჩენი, მოსვლის პრობლემა არა აქვთ. დღევანდელი სხდომა ვერ ტარდება, რადგან ასეთ დესტრუქციულ ქმედებას არ ველოდით, თუმცა შემდეგი სხდომისთვის კომისიის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ბუნებრივია, ბეჟაშვილს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალიზება მოახდინოს”, – განაცხადა ჯგუფის წევრმა თინა ხიდაშელმა. ბეჟაშვილის არყოფნის მიუხედავად, სამუშაო შეხვედრა მაინც გაიმართა, სადაც მომავალი შეხვედრის დღის წესრიგი დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები