დავით ნარმანია ბრისტოლის ლორდ-მერს შეხვდა

თბილისის მერი, დავით ნარმანია დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერს, ალისტაირ ვატსონს შეხვდა.
მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასა და ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე ურბანული საკითხები. კერძოდ, საუბარი ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობას, ასევე, ნარჩენების მართვის საკითხებს შეეხო.
აღინიშნა, რომ ბრისტოლსა და თბილისს შორის 25- წლიანი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, საინტერესოა ბრისტოლის გამოცდილების გაზიარება კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.
„ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომელობასთან დაკავშირებით. 25- წლიანი მეგობრობის გამოცდილება და ისტორია, რაც ჩვენ გვაქვს, უნდა გავაფართოვოთ და განვავითაროთ. ჩვენი ყველაზე უმთავრესი ინტერესი ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობების გააქტიურებაა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბრისტოლის ლორდ-მერის განცხადებით, თბილისის მერთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა იყო. საუბარი შეეხო მრავალ საკითხს. განვიხილეთ საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობები ბიზნესის კუთხით. აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ბრისტოლს დაძმობილების ფარგლებში მუშაობის ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვთ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა ალისტაირ ვატსონმა.
შეხვედრაზე ბრისტოლის დელეგაციაში ლორდ მერთან ერთად იმყოფებოდნენ ბრისტოლის ლორდ-მერის მეუღლე, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის და ბრისტოლის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, ასევე თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური, არქიტექტურისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების უფროსები.

ბრისტოლის დელეგაცია თბილისში რამდენიმე დღე დარჩება. დელეგაციის წევრები „თბილისობის“ დღესასწაულში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები