რას აპირებენ ხულოელი მუსლიმები – “კვირასთან” ასლან აბაშიძე საუბრობს

ხულოდან ადიგენში სოფელ მოხეში მუსლიმები გაემგზავრნენ. როგორც “კვირას“ ხულოს მუფთმა გურამ-ასლან აბაშიძემ განუცხადა ხულოელი მუსლიმები ადგილობრივებთან ერთად აქციას გამართავენ და სოლიდარობას გამოხატავენ.
“მე უკვე ახალციხეში ვიმყოფები, ხულოდან და აჭარის კიდევ რამდენიმე რაიონიდან უკვე გამოემართნენ მუსლიმები, ჩემი ინფორმაციით, აჭარის კიდევ რამდენიმე რაიონიდან აპირებენ ჩამოსვლას. ჩვენა არ ვგეგმავთ არანაირი სახის პროვოკაციას, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, ეს არის ისტორიული მეჩეთი და აუცილებელია, რომ ადგილობრივი მუსლიმების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს“, – განუცხადა “კვირას“ გურამ-ასლან აბაშიძემ. არსებული ინფორმაციით, ადიგენში ხულოს რაიონიდან 50-მდე პირი გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში გუშინ დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტებდა, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა გაკეთდება. სამართალდამცველებსა და მოხეს მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 14 ადამიანი დააკავეს. ისინი პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილნი. მოხეში განვითარებულ მოვლენებს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. „ვესაუბრე გუბერნატორს, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია რეგიონის მუფთთან. ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის, სოფელში არსებულ მეჩეთთან ახლოს სახელმწიფო სახსრებით აშენდებოდა პატარა ზომის რეზიდენცია, რადგან მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსულმანებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ, შესაბამისად, ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი. რა თქმა უნდა, დასაგმობი და მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ, იგივე პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით. ყველა მოქალაქე კანონთან თანასწორია“, – აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ამ საკითხს ადგილობრივ მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ გაარკვევს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იქნება ეს ქრისტიანი თუ მუსულმანი მოსახლეობა – თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენ ხართ თანასწორნი და ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ კანონს. სახელმწიფო არავის მისცემს თქვენი უფლებების შელახვის უფლებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები