ირაკლი ქადაგიშვილი – აქციის ორგანიზატორებზე: ყველა ადამიანმა საკუთარ განცხადებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
„ყველა ადამიანმა საკუთარ განცხადებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,” – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი, ვინც თვეების განმავლობაში პირდაპირი თუ ირიბი მეთოდებით რევოლუციის სამზადისით იყო დაკავებული, დღეს იძახის, რომ ამასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.
„ყველა ადამიანმა საკუთარ განცხადებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის დაშლით იყვნენ დაკავებული, ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის. საზოგადოება თვეების განმავლობაში ისმენდა და უყურებდა, როგორ მოუწოდებდნენ ხალხს შეკრებისკენ, რომ შემდეგ კონსტიტუციური წყობილება დაემხოთ. იმ დღეს მკაფიო განცხადებები გაკეთდა. ამის შემდეგ ხალხს მოუწოდეს, პრეზიდენტის სასახლის ასაღებად დაძრულიყვნენ. თავის დაძვრენას ბოლომდე შეეცდებიან, მაგრამ გამოძიება უტყუარი ფაქტებითა და მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებით ხელმძღვანელობს. სასამართლოც გამოძიების არგუმენტებს შესაბამისად გაითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის ავანტურა დასრულდა, ყველა ის აქტორი, ვინც ახლა ამბობს, რომ მიტინგზე შემთხვევითი გამვლელები იყვნენ, გადატრიალების ლიდერებად წარმოაჩენდნენ თავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.