“ევროპულ სტანდარტებს რაც უფრო ვუახლოვდებით, ამის მით უფრო მიუღებლობა აქვთ მათ, ვინც ევროპის დროშაშემოხვეული ათასგვარ გადატრიალებას აწყობს” – ქადაგიშვილი

“ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველო რაც უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, ეს მით უფრო მიუღებელია მათთვის, ვინც “ევროპის დროშაშემოხვეული ათასგვარ გადატრიალებას აწყობს”.

როგორც დეპუტატი განმარტავს, დემოკრატია – ეს არის უფლებები და პასუხისმგებლობები.

“თითოეული ადამიანი, მით უმეტეს, პოლიტიკოსი, თავის უფლებას და პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდეს. შეუძლებელია, იმისათვის, რომ ოცმა ადამიანმა თავისი გაურკვეველი საპროტესტო ჟინი გამოხატოს, ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირება მოახდინოს. ეს არც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და არც საპროტესტო ღონისძიების ჩატარების წესში, ეს არცერთ ევროპულ სტანდარტში არ ჯდება. ევროპულ სტანდარტებს რაც უფრო ვუახლოვდებით, ამის მით უფრო მიუღებლობა აქვთ მათ, ვინც ევროპის დროშაშემოხვეული ათასგვარ გადატრიალებას აწყობს. ევროპა თუ სურთ, უნდა იცოდნენ, რომ იქ კანონები მოქმედებს და ჩვენი სრულ თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. დღეს, ევროპას რატომ აქვს პრობლემა? – იმიტომ, რომ მთელი რიგი პრინციპები მორყეულია, რაც ევროპისთვის ფუძემდებლური იყო. მერწმუნეთ, მცირერიცხოვანი ჯგუფის საპროტესტო ჟინის აღსრულებისთვის დედაქალაქის პარალიზება არცერთ ევროპულ ქვეყანაში და არც ამერიკაშია დაშვებული და მისაღები“, – ამბობს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები