მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და საქართველოში მიმდინარე პროცესების სამართლიანი შეფასება
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ობიექტურად იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასებული და გაკეთდეს ობიექტური და სამართლიანი განცხადებები,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრის მიზანი იყო დიპლომატიური კორპუსისთვის სრული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება 4 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, იმავე დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან და იმ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც 4 ოქტომბრის მოვლენების დასადგენად მიმდინარეობს.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობისა და ცალკეული აქტორების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც, რომელთა ნაწილი, მინისტრის შეფასებით, არასწორად ასახავს საქართველოში განვითარებულ პროცესებს და ქმნის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და სამართლიანი შეფასების მნიშვნელობა, იმ ფონზე, რომ „ის განცხადებები, რომელიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.”
მინისტრის თქმით, შეხვედრის მიზანი იყო არა საყვედური, არამედ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის სრულად და ობიექტურად მიწოდება: „ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია – ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია.”- განაცხადა მინისტრმა.
„როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა, როდესაც ჩვენ გვესმის პირდაპირი მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ, როდესაც ქუჩაში ხდება თავდასხმები ჟურნალისტებზე მათ შორის, პოლიციელებზე და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი, არ იქნება შეფასებული ისე, როგორც უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შეიძლება განვიხილოთ ირიბად წახალისებად სწორედ იმ მოვლენების, რა მოვლენებიც ტრიალებს. არაერთხელ უთქვამს პრემიერ-მინისტრს, არაერთხელ გაგვიმეორებია, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივად მეგობრობის, პარტნიორობის რეჟიმში იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში. მიუხედავად იმისა, რა ნაბიჯებითა და რა წესებითაც ხდება მოქმედებები, საქართველო ინარჩუნებს, მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობებს”- განაცხადა მინისტრმა.