ირაკლი კირცხალია: წინა ადმინისტრაციის და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და, როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო
“აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავს არადიპლომატიურ ქმედებებთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან გვქონდა საქმე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის და მათ მიერ დანიშნული ელჩის პირობებშიც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კირცხალიამ ცალკეული ელჩების არადიპლომატიურ ქმედებებსა და მათ მიმართ სახელმწიფოს მოთმინების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბრიფინგზე ისაუბრა.
მან ცალკეული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, მათ საქართველოში აკრედიტებული ელჩის პენსიაში გაშვება მოუწიათ.
„წინა ადმინისტრაციის და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო. დღეს, დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ებრძვის „დიფ სთეითს“ და მის სტრუქტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ველით, რომ ის გარკვეული პაუზა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში შეიმჩნევა და რომელიც უკვე დიდხანს გაგრძელდა, მალე დასრულდება და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებით სწორ პოზიციას დააფიქსირებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან, ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს.
რა თქმა უნდა, ჩვენი ეს პოლიტიკა კონკრეტულ გეგმას ეფუძნება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ „დიფ სთეითის“ გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები – კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.