ჟენევის პოლიციამ თვითმფრინავის გამტაცებელი დააკავა
ავიაკომპანია „Ethiopian Airline“-ს თვითმფრინავი, რომელიც ადის-აბებიდან რომში მიფრინავდა, გამტაცებელმა ჟენევის მიმართულებით წაიყვანა. შვეიცარიის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი მეორე პილოტი აღმოჩნდა. მან ჟენევის აეროპორტში დაშვებისას, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. უცხოური მედიის ცნობით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა იგი აეროპორტშივე დააპატიმრეს. მგზავრებიდან და ლაინერის ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.
შვეიცარიის პოლიცია აცხადებს, რომ მეორე პილოტმა თვითმფრინავის მართვა თავის თავზე მაშინ აიღო, როდესაც მისი კოლეგა საპირფარეშოში გავიდა. ხომალდის გატაცებაში ეჭვმიტანილმა კაბინა ჩაკეტა, ჟენევაში მიწაზე დაშვების შემდეგ კი ფანჯარა გააღო და აეროპორტის საფრენ ბილიკზე თოკით ჩამოძვრა. ჟენევის აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, გამტაცებელი 1983 წელს დაბადებული ეთიოპიის მოქალაქეა. რეისი 702 ადის-აბებიდან ადგილობრივი დროით ღამის 00:30 გამოფრინდა და რომში 03:40 წუთზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა მან დაუგეგმავი დაშვება ჟენევის აეროპორტში 05:00 საათზე განახორციელა. შვეიცარიული გაზეთის „Tribune de Geneve“-ს ინფორმაციით კი, ბოროტმოქმედმა თვითმფრინავი მაშინ გაიტაცა, როდესაც ის სუდანის ტერიტორიაზე მიფრინავდა. ცნობილია, რომ ავიალაინერის ბორტზე 200 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 140 იტალიის მოქალაქე. როგორც „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი იუწყება, ჟენევაში თვითმფრინავი საფრენი ბილიკის ბოლო ზოლში დაჯდა, რომელიც პოლიციელებით და სასწრაფო დახმარების მანქანებით იყო გარშემორტყმული. მგზავრები ხელებაწეულები გამოდიოდნენ და ავტობუსებში სხდებოდნენ. შემთხვევის გამო, ჟენევის აეროპორტი დროებით დაიკეტა, თუმცა ამჟამად ფრენები აღდგენილია.