“თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას” – მიხეილ ყაველაშვილი

“თითოეულ სამართალდამცველს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ყაველაშვილმა დაშავებულ პოლიციელს გამოჯანმრთელება უსურვა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება, მათი უმაღლესი პასუხისმგებლობა. თითოეულ მათგანს ვუხდი მადლობას, რომ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. დაშავებულ პოლიციელებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს გლობალური თვალსაზრისით. ვხედავთ, გარშემო რა ხდება და საერთაშორისო პარამეტრებით, შეფასებებით ყველა აღნიშნავს საქართველოს წინსვლას, განვითარებას, მის მშვიდობას, სტაბილურობას, მისაბაძი, მაგალითი გახდა.

თავადაც ადევნებთ თვალყურს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას არც დაუმალავს, მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ სამაგალითოა საქართველო, თუ როგორ მოქმედებს მისი ხელისუფლება, მისი ბრძენი ხალხი და ახერხებენ მაღალი შედეგი ჰქონდეთ, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ამას ყველა ვხედავთ და ეს თითოეული ჩვენგანის ვალდებულება, მოვალეობაც არის. უსაფრთხოებაზე როდესაც არის საუბარი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება, მაღალი სტანდარტი. უნდა იცოდეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დამხობის, ძალადობის, ხელისუფლების ჩამოგდების მოწოდებას აკეთებდნენ, რომ განსაკუთრებულად მკაცრი პასუხი გაეცემათ. ეს არის მოთხოვნა საზოგადოებისაც. მთელი ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით, როცა დამოუკიდებელი გავხდით, ვართ გზაზე, სადაც ყველა ჩვენგანის სურვილია, გაერთიანდეს ქვეყანა, იყოს წარმატებული, განვითარებული. ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შეცვლილი. ვხედავთ, რომ არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს. დაინერგა ელექტრონული საარჩევნო სისტემა, ყველა კარგად ხედავთ, როგორ მაღალ დონეზე ტარდება არჩევნები. ვისაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს წინაშე, მოქალაქეობრივი ვალდებულება, ყველა კარგად ხედავს თავის წვლილსაც და გზასაც. ქედს ვიხრი ჩვენი საზოგადოების წინაშე. მადლობას მოვახსენებ ყველა ინსტიტუციას, ასევე მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას, იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დროს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები