ირაკლი კობახიძე: უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე

„რა თქმა უნდა, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ იგივე მედიის მიმართ. ეს არის ჩვეულებრივად „ნაცის“ სახე,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეების მხრიდან „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამართალდამცველები არიან დაშავებულები.

“გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ პოლიტიკურ ძალას თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. იგივე ხელწერით მოქმედებენ ახალგაზრდა „ნაცებიც“. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელმაც დააზიანა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. ახალგაზრდა „ნაციც“ არის ზუსტად ისეთივე „ნაცი“, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში მათი შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლები. ყველა მიიღებს ძალიან მკაცრს პასუხს.

რაც შეეხება სამართალდამცველებს, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთ-ერთ დაშავებულს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, აქვს მოტეხილობა, აქვს ჰემატომა და ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე მგონი უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც აღმართავს ხელს პოლიციელზე. უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები