ეკა სეფაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციათა უმრავლესობა მიზანმიმართულად არ დაესწრო ამ დებატებს და ამით თავიანთი ერთგვარი პროტესტი გამოხატეს, როგორც პიროვნულ, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო დონეზეც და ეს არის ძალიან ნიშანდობლივი
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ განხილულ რეზოლუციას მედიასთან ეხმიანება.
„ამ რეზოლუციის გატანა სესიაზე სამსჯელოდ და დებატებისთვის მოუნდათ მაინც და მაინც 4 ოქტომბრის წინ და გამოიყენეს ე.წ „urgent debate”-ის პროცედურები, რომ ეს საკითხი დებატების ნუსხაში საგანგებოდ ჩაესვათ”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ დებატებს მხოლოდ 75 პარლამენტარი ესწრებოდა, რეზოლუციას კი მხარი 66-მა მათგანმა დაუჭირა. დეპუტატმა ხაზი გაუსვა გერმანელი პარლამენტარის კაუფმანის სიტყვით გამოსვლას, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კონსერვატიული ჯგუფის სახელით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და საქართველოსთვის მსგავსი ულტიმატუმების წაყენება [ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა] ევროსაბჭოს შეცდომა იყო.
ეკა სეფაშვილმა ასევე განმარტა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მიმართ წაყენებული ულტიმატუმის გამო მან დატოვა PACE და საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებას არ განიხილავს, სანამ ეს მოთხოვნა არ გაუქმდება.
„რეალობა არის ის, რომ ამ რეზოლუციის გატანა სესიაზე სამსჯელოდ და დებატებისთვის მოუნდათ მაინც და მაინც 4 ოქტომბრის წინ და გამოიყენეს ე.წ „urgent debate”-ის პროცედურები, რომ ეს საკითხი დებატების ნუსხაში საგანგებოდ ჩაესვათ. ვითარება, მათი [საპარლამენტო ასამბლეის] შეხედულებით, არ შეცვლილა, აბსოლუტურად იგივეა და რა თქმა უნდა, დაამთხვიეს ეს ყველაფერი არჩევნების პერიოდს, რომ არჩევნების წინ შემდგარიყო დებატები. მე რასაც დავაკვირდი და შიდა განწყობებით რაც ვიცი (რადგან იქ ჩემი ბევრი კოლეგა პარლამენტარი მუშაობს, რომელთანაც მე, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეა დავტოვე, დღემდე ვინარჩუნებ ურთიერთობას), განწყობა არის ისეთი, რომ დელეგაციათა უმრავლესობა მიზანმიმართულად არ დაესწრო ამ დებატებს და ამით თავიანთი ერთგვარი პროტესტი გამოხატეს, როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო დონეზეც და ეს არის ძალიან ნიშანდობლივი. მეორე ნიშანდობლივი ფაქტი იყო ის, რომ ამ დებატებს დაესწრო დაახლოებით 75 ადამიანი და ხმა რეზოლუციის სასარგებლოდ მისცა 66-მა ადამიანმა. მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი გამომსვლელი, რომელიც წარმოადგენს კონსერვატორულ ჯგუფს – გერმანელი პარლამენტარი კაუფმანი, (მე ამ კონსერვატიული ჯგუფის წევრი გახლდით, როგორც „ხალხის ძალის” წარმომადგენელი). მან გააკეტა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ამ ჯგუფის სახელით. რომ წარმოვიდგინოთ რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, ეს არის დაახლოებით 100-ზე მეტი პარლამენტარისაგან შემდგარი ჯგუფი, ანუ ასამბლეის გაცილებით მეტი წევრი იყო ამ დებატების წინააღმდეგი და სწორედ ამ გამოსვლაში [კაუფმანის გამოსვლაში] ცალსახად იყო აღნიშნული, რომ საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და საპარლამენტო ასამბლეის შეცდომა იყო, როდესაც საქართველოს მონაწილეობა ასე უხეშად იქნა უგულებელყოფილი. საქართველოს მონაწილეობისთვის წამოაყენეს ყოვლად გაუგონარი პირობა, რომ თავიდან ჩაგვეტარებინა საპარლამენტო არჩევნები, 2024 წლის არჩევნების შემდეგ. ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ საპარლამენტო ასამბლეა და არ ვაპირებთ დაბრუნებას, სანამ ეს უსამართლო მოთხოვნა არ იქნება გაუქმებული,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.