თბილისის მერია: დამწყები შეფ-მზარეულებისთვის სემინარების ციკლი „სტუმარ-მასპინძლობის თბილისური დღეები“ გაიმართა
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებითა და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, „სტუმარმასპინძლობის თბილისური დღეები“ გაიმართა. სემინარების ციკლი მიზნად ისახავდა დამწყები შეფ-მზარეულების პროფესიული უნარების გაღრმავებას, კულინარიის სფეროში თანამედროვე პრაქტიკის გაცნობასა და ადგილობრივი გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციას. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონაწილეებისთვის შემუშავდა ინტენსიური და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გაიხსნა თბილისის გასტრო-ტურით, ექსპერტისა და მკვლევრის დალილა ცატავას ხელმძღვანელობით. სემინარებისა და მასტერკლასების ფარგლებში, მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, როგორც საერთაშორისო დონის, ასევე ადგილობრივმა სპეციალისტებმა: ქეთი კვიჭიძემ, დადუნა ღლონტმა, ანა გოდაბრელიძემ, ხათუნა ბაკურაძემ, ირაკლი თოდაძემ, შეფ ბაპტისტ ბერნადეტმა და შოთა ლაგაზიძემ.
“პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე გასტრონომიულ ტენდენციებს, ინოვაციური სამზარეულოს ტექნიკებს, ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებას და ენდემური ქართული ხორბლის ჯიშების კვლევასა და პოპულარიზაციას.
“სტუმარ-მასპინძლობის თბილისური დღეები“ ხელს უწყობს კულინარიული სფეროს განვითარებას, პროფესიული კადრების გადამზადებას და თბილისის, როგორც რეგიონის, ერთ-ერთი წამყვანი გასტრონომიული მიმართულების პოპულარიზაციას.
სემინარების ციკლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო დახურვის ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლა სასტუმრო „მუზეუმმა“,”- წერია ინფორმაციაში.