მამუკა მდინარაძე: არჩევნები ჩატარდება მშვიდად – ჩვენი ინფორმაციით, მათ სჭირდებათ ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში და არავის ვურჩევ ამის გაკეთებას, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ

არჩევნები ჩატარდება მშვიდად, სხვა საფუძველი არ არსებობს. შეეცდებიან ისინი არევას და თუ ზედმეტი მოუვათ, ჩვენც მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრად რეაგირება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მდინარაძე ყველას ურჩევს, რომ კანონის ფარგლებს არ გასცდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ“.

„შეიძლება ვიღაცას მუქარად მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად თუკი ისინი იმას ეცდებიან, რომ რაღაც დაქსაქსული ე.წ. მენეჯმენტის დროს კიდევ უფრო რადიკალური ღონისძიებები გაატარონ, რომ ლოკალურად რაღაც ემოციები გამოიწვიონ… მათ ეს სჭირდებათ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი, რამდენიმე შიდა ჯგუფი სერიოზულად მსჯელობს იმაზე, რა შეიძლება მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს. იმიტომ, რომ ფონი ქვეყანაში არ არის ისეთი, რაც თუნდაც წინა პერიოდებში იყო, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა და ჩვენი ინფორმაციით, მათ სჭირდებათ ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში და არავის ვურჩევ ამის გაკეთებას. არა თუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე, გაფიქრებასაც არ ვურჩევ ამის, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ და არ მგონია, რომ ეს პასუხი და სამართლებრივი რეაგირება მოეწონოს რომელიმე მათგანს. ამიტომ თუ რამის გაპროტესტება უნდათ, გააპროტესტონ, ოღონდ კანონის ჩარჩოდან ნუ გავლენ, ეს იქნება ჩემი კიდევ ერთი დამატებით რჩევა. არჩევნებსაც ჩაატარებს ეს ქვეყანა ღირსეულად, გამოწვევებსაც გავუმკლავდებით და ქართული უკვე შემდგარი ძლიერი სახელმწიფო, კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები