მამუკა მდინარაძე: ბევრი მხრიდან ჩანს მცდელობა, რომ არიონ ქვეყანა, მაგრამ გვაქვს იმის ძალა, რომ ამ მცდელობებს დავუპირისპიროთ კანონი – არ გვაქვს ილუზია, რომ შეიძლება ამ ხალხმა რაღაც სერიოზული მოახერხოს

ბევრი მხრიდან ჩანს მცდელობა, რომ არიონ ქვეყანა, მაგრამ გვაქვს იმის ძალა, რომ ამ მცდელობებს დავუპირისპიროთ კანონი. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება ამ ხალხმა, რაღაც სერიოზული მოახერხოს. მაგრამ თუ მათი პროგრამა მინიმუმი მაინც შესრულდება, რომ რამდენიმე კვირიანი ტურბულენტობა კვლავ შეიძლება იქნას გამოწვეული, ესეც გარკვეულწილად დამაზიანებელია ქვეყნისთვის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა: „წინასაარჩევნო საერთო სურათი რომ შევკრათ, როგორც ვხვდებით, სხვადასხვა ძალები, დაჯგუფებები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ 4 ოქტომბრისთვის ცდილობენ გარკვეული დაძაბულობის იმიტაციის შემოტანას ქვეყანაში. ეს სწორად გავიგეთ? და საბოლოო ჯამში შედეგი რა შეიძლება იყოს ამ მცდელობის?“.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოს შესწევს ძალა, კანონის ფარგლებში და მთელი სიმკაცრით პასუხი გასცეს დესტაბილიზაციის ყველანაირ მცდელობას.

„ბევრი მხრიდან ჩანს მცდელობა, რომ არიონ ქვეყანა, მაგრამ კიდევ ერთხელ კატეგორიულად და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული სახელმწიფო დგას იმ სიმაღლეზე, გვაქვს იმის ძალა, რომ ამ მცდელობებს დავუპირისპიროთ კანონი. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების აბსოლუტური სიძლიერე, უღალატობა ამ ქვეყნის და კანონის ფარგლებში სიმკაცრე მაქსიმალური იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ პრევენციული ხასიათი ჰქონდეს იმას, რომ რაღაც ტურბულენტობა რამდენიმე კვირიანი კვლავ არ გამოიწვიონ ამ ქვეყანაში.

ჩვენ, პრინციპში, რისკების შეფასებებს როდესაც ვაკეთებთ, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება ამ ხალხმა რაღაც სერიოზული მოახერხოს. მაგრამ თუ მათი პროგრამა მინიმუმი მაინც შესრულდება, რომ რამდენიმეკვირიანი ტურბულენტობა კვლავ შეიძლება იქნას გამოწვეული, ესეც გარკვეულწილად დამაზიანებელია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მისი ეკონომიკისთვის. ეკონომიკური უსაფრთხოება ჩვენი ზრუნვის საგანია და ესეც ძალიან ცუდია, რომ თუ შეიძლება ხვალ ჩვენ, გაისად პირობითად გვქონდეს, ასევე, პირობითად 8%-იანი, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა და ამის მაგივრად ამ ტურბულენტობამ შეიძლება ინვესტორის არ ჩამოსვლა და სხვადასხვა საკითხის შეფერხება გამოიწვიოს, ესეც ძალიან ცუდია და ჩვენ იმაზეც ვიზრუნებთ, რომ ასეთი საკითხების მანევრულად, ამ შემთხვევაში, გადაჭრაც ვერ მოახერხონ ადამიანებმა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებს. ესეც ჩვენი საზრუნავია.

ჩვენ არ ვუფრთხით მათ რაღაც გეგმებს, ეს არარეალისტურია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამას საზოგადოება ყურადღებას არ მიაქცევს, ამას ჩვენი უწყებები ყურადღებას არ მიაქცევენ, მერე შეიძლება აბსოლუტურად რეალური გახდეს. ამიტომ საზოგადოებასაც და ჩვენც გვიწევს ასი თვალი და ასი ყური გვქონდეს და მიპყრობილი ყურადღება ამ მოვლენების მიმართ, რომ ყოველგვარი რისკები დავაზღვიოთ და საბედნიეროდ ამისი ძალა შეგვწევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები