მამუკა მდინარაძე – დაკავებებზე: დიახ, როდესაც დანაშაულებრივ მოწოდებას ადამიანი განახორციელებს საჯაროდ და საქვეყნოდ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა, ამის შემდეგ, ბუნებრივია, ეს ტალღა მოსალოდნელიც არის

დიახ, როდესაც დანაშაულებრივ მოწოდებას ადამიანი განახორციელებს საჯაროდ და საქვეყნოდ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა, ამის შემდეგ, ბუნებრივია, ეს ტალღა მოსალოდნელიც არის, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კერძოდ, მან უპასუხა წამყვანის კითხვას: „თქვენ ახსენეთ რევოლუციის ანონსი. არაერთ პირს პატიმრობად დაუჯდა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ „მშვიდობიანს“ ამატებდნენ ხოლმე დამხობისკენ მოწოდებას, მაინც საინტერესოა თქვენი შეფასება, რაიმეს ცვლის თუ არა ის ტერმინი, რომ ეს დამხობა მშვიდობიანი იქნებოდა და ზოგადად, ასეთი მოწოდებების შეფასება სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით როგორია?“.

მამუკა მდინარაძის თქმით, სამართლებრივი შეფასებისთვის არაფერს ცვლის.

„თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენი სამსახურის ცნობილი განცხადება იმის შესახებ, რომ პერფორმანსები არ ისჯება, ისჯება დანაშაული. დიახ, როდესაც დანაშაულებრივ მოწოდებას ადამიანი განახორციელებს საჯაროდ და საქვეყნოდ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა, ამის შემდეგ, ბუნებრივია, ეს ტალღა მოსალოდნელიც არის, იყო და იქნება, თუკი ვინმე კიდევ დანაშაულს ჩაიდენს და შემდეგ ამ დანაშაულის „გასაპრავებლად“ ვიღაც მის მხარდასაჭერად რაღაც ქმედებების ჩადენას ფიქრობს. როდესაც ერთმა ადამიანმა, ერთ, მეორე შემთხვევაში დანაშაულები ჩაიდინეს, ეს გამოიხატებოდა აშკარა მოწოდებაში, ოღონდ შეფუთვით, რომ მაგალითად თუ იტყვი სახელმწიფოს მაგივრად ივანიშვილს, მაგალითად თუ იტყვი ქართული სახელმწიფოს მაგივრად ასევე რუსულ რეჟიმს ან რუსულ სპეცოპერაციას დაარქმევ არჩევნებს, სპეცოპერაციის პუნქტებს დაარქმევ საარჩევნო უბნებს, ამით მათ ფორმალური შემადგენლობის მიმართ უჩნდებათ შეგრძნება ან უფრო სწორად კიდევ, უჩენენ მოქალაქეებს შეგრძნებას, რომ ეს შეიძლება არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა, მის ქმედებაში არ იყოს დანაშაულის შემადგენლობა. რაც არ უნდა შეფუთო დამხობისკენ მოწოდება, როგორი ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა განახორციელო, ეს არის მოწოდება, თუმცა ასევე, მე თვითონ გეუბნებით და ჩვენმა სამსახურმაც ეს დაბეჯითებით განაცხადა თავის დროზე, რომ ამის შემდეგ, ამ დანაშაულის წასახალისებლად, გასამართლებად თუ ა.შ. თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ასეულობით ასეთი განცხადება გააკეთოს, ამისი მიზნობრიობა აბსოლუტურად სხვა არის და შემადგენლობა შესაძლოა აქ არ იკითხებოდეს, მაგრამ თვითონ მომწოდებელი, რომელიც მართლა ფიქრობს თავისი დანაშაულებრივი მოწოდების რეალიზებაზე და ამისი ობიექტური ნიშნებით ხდება შეფასება სამართლებრივი, აქ უკვე დანაშაულთან გვაქვს საქმე და რეაგირებაც შესაბამისი გვექნება. არ არის ეს საპატიებელი დანაშაული.

არსებობს რაღაც მსუბუქი კატეგორიის სხვა დანაშაულები, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, ცოტა თვალი კი არ დახუჭო, მაგრამ იფიქრო, რომ მაგალითად პატიმრობა, მაგალითად მკაცრი სასჯელი, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯაზე ყურადღების გამახვილება არ ღირდეს, მაგრამ ეს არის დანაშაული, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს, შენს მოქალაქეს, ჩვენს მოქალაქეებს, მშვიდობას, ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, უპირისპირდება და რა თქმა უნდა, ეს უპატიებელი დანაშაულის ნუსხაშია ჩვენთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები