მამუკა მდინარაძე: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა – ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს
ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა. ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს. რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა: „არჩევნების წინ არაერთი გამოწვევა არსებობს და ერთ-ერთი უდავოდ არის რადიკალური ჯგუფების დაფინანსების და დატრენინგების სქემა, რომელიც უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში შეიცვალა. ჩვენი დაკვირვებით გარკვეული გადალაგება მოხდა როგორც ჩანს ქვეყანაში მოქმედი ახალი რეგულაციების გათვალისწინებით და გამოიკვეთა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად უკვე უმაღლესი სასწავლებლების როლი და ერთ-ერთი არის მაგალითად გიული ალასანიას უნივერსიტეტი, თუმცა არა მხოლოდ ის. ჩვენ ვიცით, რომ სუს-ი არის დაინტერესებული ამ საქმით. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ეტაპზეა გამოძიება და რა შედეგებს ველოდებით?“.
მამუკა მდინარაძემ ისაუბრა იმ სქემაზე, თუ როგორ ხდება კონკრეტული უნივერსიტეტების გავლით თანხების შემოდინება რადიკალური გეგმების განსახორციელებლად.
„დიახ, მე დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეზე. ბევრი წახნაგოვანი მიმართულება აქვს ამ საქმეს, როგორც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნაწილში, ასევე, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული გარკვეული ქმედებების ოპერატიული კვლევის ნაწილში. არც იმას დაგიმალავთ და არ უარვყოფ, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ დაგვიბლოკია და თქვენც, ჟურნალისტებსაც გქონდათ მისი ნაწილი, რა თქმა უნდა. ჩვენ მისი მოპოვების ხერხებზე შეიძლება ბევრი არ ვისაუბროთ, მაგრამ შეიძლება ვისაუბროთ და არ დავბლოკოთ, დავარქვათ ასე, ამ შემთხვევაშიც ინფორმაცია, მოპოვებული ცნობების შესახებ. მოპოვებული ცნობები, რაც კი შემიძლია ვთქვა, მდგომარეობს შემდეგში, რომ მას შემდეგ, რაც FARA-ს კანონმა საქართველოში დაიწყო წარმატებით მუშაობა, ცდილობენ ამ ქვეყანაში თავისი გავლენების გაფართოების მიზნით და მიზნების შესასრულებლად სხვა დაფინანსების გზების პოვნას. ერთ-ერთ ასეთ გზად შეგვიძლია განვიხილოთ უკვე ჩვენ მიერ კარგად გაშიფრული, ეს ჟურნალისტებისთვის, საზოგადოებისთვისაც უკვე ცნობილი გახდა, გვერდის ავლის საშუალებად უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები, საიდანაც შემდეგ არამიზნობრივად და მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები და საბოლოო ჯამში ჩვენ უმრავლეს და უხშირეს შემთხვევაში ვნახულობთ, რომ ეს თანხები მიემართება რადიკალიზმის დასაფინანსებლად. მიემართება „ფრანკლინის კლუბის“ ახალი ანალოგის დასაფინანსებლად, სადაც ასწავლიან, რომ მაგალითად რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი ტერორისტი, მაგრამ სხვა ადამიანისათვის, სხვა რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თავისუფლებისთვის მებრძოლი.
ყველა შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ მაგალითად ერთ-ერთი არხის შესახებ, ბევრ ასეთ არხზე მიდის მუშაობა, ბევრი გამოკვლეული გვაქვს, ბევრი გავშიფრეთ, მაგრამ ერთ-ერთის შესახებ, რაც უფრო ცნობილია, შემიძლია დეტალურად გითხრათ. მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ის არის ერთ-ერთი მსხვილი, დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელს მსოფლიოში, ანტი ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95 – 98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს. რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს. ყველა თავის როლს ინაწილებს. ზოგი ამ რადიკალიზმის დროს, წარსულიდან შეგვიძლია გავიხსენოთ, პატარძლის და სიძის ფორმით გვევლინება და ა.შ. აქ არ დავკონკრეტდები და ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ დავუშვათ ებრძოლოს მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი „ჩინურ საფრთხეებს“ და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება. მას შემდეგ, რაც დეკლარირების ვალდებულება გაუჩნდათ, ეს მიზნობრიობა სხვაგან აშკარად გამოჩნდა, რომ არის აცდენილი დეკლარირებულ მიზნებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი შევისწავლეთ და ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა. შემდეგ უკვე დღევანდელობას თუ მოვარგებთ, შემიძლია გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, არის გაშლილი ფრონტი რამდენიმე მიმართულებით. მაგალითად, არის რამდენიმე ასეული ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი, ერთ ადგილას დაორგანიზებული თქვენთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა ორგანიზაციებით. მეორე ადგილას არიან ე.წ. მებრძოლები, ყოფილი მებრძოლები. ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, აქეზებენ ამ ახალგაზრდებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ და აორგანიზებენ, რაც უფრო მნიშვნელოვანია ამ ძალადობას და ისინი გვევლინებიან კონკრეტული, პატარ-პატარა ჯგუფების ლიდერებად. და მესამე ადგილას არის კონცენტრაცია იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ამის პიარულ შეფუთვას და მსგავს საკითხებს უზრუნველყოფენ.
ანუ შეგვიძლია ასე პირობითად დავყოთ, რომ სამი ჯგუფია, სამი პირობითი ადგილი. ერთ ადგილას მასის ორგანიზება მიდის, ახალგაზრდებისგან ცდილობენ, რომ ეს მასა დაკომპლექტდეს. მეორე ადგილას ხდება უფრო გასამხედროებული წესების დაცვა, ასე ვთქვათ, რომ ათეულები, ოცეულები იყოს და ამით საჭირო შემთხვევაში მათთვის ეს რადიკალიზმი იღებდეს ორგანიზებულ ხასიათს უფრო მეტი შედეგი რომ დადოს და მოიტანოს მათთვის რადიკალიზმმა. და მესამე შემთხვევაში ამის პიარულ შეფუთვაზე ზრუნავენ პოლიტიკოსები.
ეს სქემები პრინციპში გაშიფრულია, ხელის გულზე დევს. არ დაგიმალავთ არც იმას, რომ დღეს მაინცდამაინც არ იგრძნობა საერთო, ერთი კოორდინატორის ქვეშ მოქმედება და კოორდინაცია. სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა ხელმძღვანელები ჰყავს და ეს გარკვეულწილად შეიძლება იყოს ჯგუფების თვითორგანიზებულობის ბრალი. და მეორე მხრივ შეიძლება ამერიკაში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია ეს ყველაფერი. აქ სიღრმეებში არ შევალ. ყოველ შემთხვევაში ადრე თუ, მე დამხვდა ინფორმაცია, რომ სპეცსამსახურში იყო ისეთი ცნობები, რომ უფრო კოორდინირებულად, ერთი ადგილიდან დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ, ახლა ამ შემთხვევაში უფრო გაფანტულია ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და ლიდერშიფი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.