თეა წულუკიანი: სამარცხვინოა კრიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან რატომ მიმართავს მსოფლიოს ქართულად, მადლობა მიხეილ ყაველაშვილს, რომ თავისი სიტყვა სახელმწიფო ენაზე წარმოთქვა
„მინდა, მიხეილ ყაველაშვილს მადლობა გადავუხადო, რომ მან თავისი სიტყვა ქართულ ენაზე, სახელმწიფო ენაზე წარმოთქვა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ნაბიჯების გადადგმა. დასკვნას რომ მივუბრუნდეთ ქართულ ენასთან დაკავშირებით, გამოვიკვლიეთ და დავადასტურეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, გიგი თევზაძის თამადობით, რომელიც მაშინ განათლების სამინისტროში მაღალჩინოსანი იყო, და ლომაიას ხელშეწყობით, აპირებდა, საქართველოში სახელმწიფო ენად გამოცხადებულიყო ინგლისური. რა თქმა უნდა, სააკაშვილი იყო ყველაფრის მეთაური. ეს დასკვნა ამიტომაც არის ღირებული დოკუმენტი. შესაბამისად, სამარცხვინოა კრიტიკა, რაც მოედინება, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან რატომ მიმართავს მსოფლიოს ქართულად და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ძალა და ძალები, მათი წარმომადგენლები, არ იცვლებიან. მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ქართულის გაუქმებას ნიშნავს. ამიტომ, მადლობა მას, ბატონ პრეზიდენტს, რომ ქართული გამოიყენა და არა სხვა რომელიმე ენა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.