თეა წულუკიანი: ელჩი როცა აირევა, უღალატებს პროფესიონალიზმს, იბარებენ და ეუბნებიან, რომ არ იქცევა სწორად, საქართველოში ჩამოსულმა არაერთმა ელჩმა ხელი შეაჩვია საქართველოს და ხელი შეაჩვია უშნოდ

ელჩი როცა აირევა და უღალატებს პროფესიონალიზმს, იბარებენ და ეუბნებიან, რომ არ იქცევა სწორად. ვენის კონვენცია არ არის ცარიელი ქაღალდი, არამედ საერთაშორისო სამართლის წამყვანი ტექსტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულია, ელჩი დაიბაროს.

„ყველას არ ეხება ეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსულმა არაერთი ქვეყნის არაერთმა ელჩმა, არა მხოლოდ მათ, ვინც ამჟამად იმყოფებიან აქ, არამედ წარსულში ვინც იმყოფებოდა, ყველამ ხელი შეაჩვია საქართველოს და ხელი შეაჩვია უშნოდ. ეს ზოგჯერ იყო და არის ბულინგის ფორმით გამოხატული, შეურაცხმყოფელი და ძველი დროის ქმედებებს ჰგავს. მათ შორის ვგულისხმობ, როდესაც კოლონიები არსებობდა. ასე გვეუბნებიან ყოველ შემთხვევაში, რომ 60-იან წლებში ყველაზე დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ დიდი ცუდი ეპოქის დასასრულებლადო. ოთხ ნაწილად თუ დავყოფთ საქართველოს ისტორიას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველი ორი მმართველის პირობებში საქართველო თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით არ იყო ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია ამგვარი ზოგიერთი თავხედობისთვის. წინააღმდეგობა რომც გაეწია, გაცილებით საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის. ვგულისხმობ გამსახურდიას და შევარდნაძის პერიოდებს. გამსახურდიას მმართველობის წარუმატებლობაში ჩემს აზრს ვიტყვი,  თუმცა ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, რომ ერთ-ერთი უარყოფითი წვლილი შეიტანეს უცხოელებმა. ასევე ვარდების რევოლუციის სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში დიდი წვლილი არის შეტანილი ასევე უცხოელების მხრიდან. შემდეგ იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი. დასკვნაში ძალიან კარგად არის ფაქტებით ახსნილი და ნათელი, რომ მას პირიქით, მოსწონდა, რომ სხვის ჭკუაზე მართავდა და სხვა აქებდა, საქართველოში ის არ უყვარდათ, მჩაგვრელად მიიჩნევდნენ, მაგრამ რაკი სხვა ეტყოდა, შენ ხარ აღმაშენებელიო, ეს იყო მისთვის მთავარი. მინდა, მას ვუთხრა, სადაც უსამართლოდ ბრძანდება და უნდა ბრძანდებოდეს სხვაგან, რომ კომისიის დასკვნის შემდეგ ის ვეღარ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც სახელმწიფოს აღმაშენებელი პრეზიდენტი. დასკვნა არის ძალიან მძიმე და არ არის ვიღაც კომისიის თავმჯდომარის ან წევრების მოსაზრებები, ეს არის ფაქტები, რომლებიც არის უტყუარი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის წითელი ხაზი ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული ინტერესები და მას არავის დაარღვევინებდა.

„ჩვენი მმართველობის პირობებში ჩვენ პირველივე წლებში ვერ შევძელით ქმედითი წინააღმდეგობის გაწევა. არაერთ შემთხვევაში იყო ხოლმე მიღებული ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესს არ აზიანებდა, მაგრამ სასურველი არ იყო. პირადად ბიძინა ივანიშვილს და მოწმე ვყოფილვარ ამის, ძალიან ბევრჯერ დაუცავს წითელი ხაზი, როგორც ის უწოდებდა ხოლმე და ყოველთვის უხსნიდა მაშინდელ დიპლომატიურ კორპუსს, როდესაც ჩვენი პრემიერი იყო, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი, რომ წითელი ხაზი იყო საქართველოს ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხის ინტერესი. შესაბამისად, არავის დაარღვევინებდა ამ ინტერესს. სწორედ ივანიშვილის რესურსის და გადაწყვეტილებების წყალობით „ქართული ოცნების“ სხვადასხვა დროის ხელისუფლება ახერხებდა, რომ ეს წითელი ხაზი არავის გადმოელახა. ამ წითელი ხაზის აქეთ, მათ შორის მეც, როგორც მინისტრს, დაგვითმენია, მოგვითმენია. დღეს ქართველი ხალხი ძალიან ღიად ხედავს, თუნდაც გერმანიის ელჩის ამპარტავან ქცევებს, ძალიან კულტურულად რომ ვთქვა. წარმოგიდგენიათ, დახურულ კარს მიღმა ასეთი ადამიანები როგორ შეიძლება იქცეოდნენ? ეს წარმოუდგენელია. არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ ადამიანზე, მისი მაგალითი მომყავს ილუსტრირებისთვის, თუ რა შეიძლება ხდებოდეს დახურულ კარს მიღმა, როცა მათ იციან, რომ თქვენნაირი ჟურნალისტი ან კამერა არ უყურებს ან არ გახმაურდება. შეიძლება იყოს უზრდელობაც, შეურაცხყოფაც და მიჩნევა იმისა, რომ შენ არ ხარ თანასწორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, არავის უნდა გვეწყინოს და უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რესურსის, მისი ძალის დამსახურებაა. ჩვენ შევძელით, როგორც პოლიტიკურმა გუნდმა, რომ ეს წითელი ხაზი არავის გადმოვალახინეთ. მეც მომისმენია სიტყვები „ქართული ოცნების“ პირველი პრემიერის, ივანიშვილის მხრიდან, რომ ეს წითელი ხაზი იყო ეროვნული ინტერესი – ამას ნუ შევეხებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორობისთვის მზად ვართო.

2022 წლის თებერვალი, მარტი როცა დგება და მავანს სურს, უკრაინის დახმარება მიიღოს ომის ფორმად, ეს იყო როგორც უკრაინის დახმარება და დემოკრატიისთვის ბრძოლა ომის ფორმით, ანუ ვყოფილიყავით ჩართული ამ ომში, რა თქმა უნდა, ძალიან შორს მიდის წითელი ხაზიდან და ეს ვერ მოხდა. შესაბამისად, კარგია, რომ დღეს ელჩის თუ ელჩების დაბარება ხდება. ეს პრაქტიკა არის ბევრ ქვეყანაში, როცა ელჩი აირევა და უღალატებს პროფესიონალიზმს, პროფესიულ სინდისს. შესაბამისად, იბარებენ და ეუბნებიან, რომ არ იქცევა სწორად. ვენის კონვენცია არ არის ცარიელი ქაღალდი, არამედ საერთაშორისო სამართლის წამყვანი ტექსტია. სწორედ მეორე კონვენციის არაერთი ნორმის დარღვევა როცა არის სახეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულია, დაიბაროს და ელჩს აუხსნას. იმედია ის გაიგებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები