„პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგმა ფეხბურთელმა უსმან დემბელემ „ოქროს ბურთი“ მოიგო, რომელსაც ჟურნალი France Football უეფასთან და L’Equipe-თან პარტნიორობით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს.
დაჯილდოების ცერემონია პარიზის თეატრ „შატელეში“ გაიმართა. დემბელეს ჯილდო ბრაზილიელმა რონალდინიომ, 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა გადასცა.
100 ქვეყნის ჟურნალისტის მიერ ჩატარებული ხმის მიცემის შედეგად, მეორე ადგილზე „ბარსელონას“ ესპანელი ფეხბურთელი ლამინ იამალი გავიდა, ხოლო მესამეზე – „პსჟ“-ს პორტუგალიელი ვიტინია.
ათეულში ასევე მოხვდნენ:
- მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე; ლივერპული);
- რაფინია (ბრაზილია; ბარსელონა);
- აშრაფ ჰაკიმი (მაროკო; პსჟ);
- კილიან მბაპე (საფრანგეთი; მადრიდის რეალი);
- კოულ პალმერი (ინგლისი; ჩელსი);
- ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია; პსჟ);
- ნუნო მენდესი (პორტუგალია; პსჟ).
ქალთა შორის, „ოქროს ბურთი“ ზედიზედ მესამედ ესპანელმა აიტანა ბონმატიმ მოიგო, რომელიც „ბარსელონას“ წარმომადგენელია.
აღსანიშნავია, რომ France Football-მა წლის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელის ჯილდო – „ოქროს ბურთი“ 1956 წელს დააარსა (სპორტული ჟურნალისტების ჯგუფის მოსაზრებების საფუძველზე). 2010 წელს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) და France Football-მა „ოქროს ბურთისა“ და FIFA-ს წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოების (რომლებიც ეროვნული ნაკრების კაპიტნებისა და მწვრთნელების ხმების მიხედვით განისაზღვრება) გაერთიანების შესახებ გამოაცხადეს. 2016 წლის სექტემბერში France Football-მა FIFA-სთან პარტნიორობის დასრულების შესახებ განაცხადა და წლის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენის საწყის სისტემას დაუბრუნდა.