ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: რთულ ვითარებაში მყოფი, მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არმქონე ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე.წ. დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე

ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას. აღნიშნული გარემოებების საპირწონე, მათი გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდადებულს, რადგან ეს შეუძლებელია”,  –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე წერს.

ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ბაჩიაშვილი, რომელსაც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ გააჩნია, ყველანაირად ცდილობს, სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლას და პოლიტიკურ განცხადებებზე დაცვის სტრატეგიის აგებას.

„რთულ ვითარებაში მყოფი, მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არმქონე ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე. წ დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე. ასევე, ეყრდნობა თითქოსდა ,,მორალურ საფუძვლებს“ (კაცი, რომელიც კრედიტის სათხოვნელად მიდის სხვა ადამიანთან და ამ საუბარს იწერს!) იმის სამტკიცებლად, რომ მას კრედიტი ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილისგან და რომ ამჟამად ,,ისჯება“ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ ,,სერიიდან“ არის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან უარი განაცხადა ანტიდასავლურ რიტორიკაზე, მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს და თურმე ამის გამო ისჯება. ასევე, განცხადებები თითქოს მის მიერ წარმოდგენილმა ,,გერმანულმა დასკვნამ“ აუდიო ჩანაწერის შესახებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კითხვებზე პასუხის არ გაცემამ, დაადასტურა მისი პოზიციების სისწორე.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დეტალურად განვუმარტეთ რეალურად არსებული ვითარება ზემოაღნიშნულ საკითხებზე, კიდევ ერთხელ მოკლედ შევეხები მსჯავრდადებული ბაჩიაშვილის ამ ე.წ არგუმენტებს.

აბსურდია ბაჩიაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა მას მოსთხოვა ანტიდასავლური რიტორიკის წარმოება. ამის დამადასტურებელი არაფერი არ აქვს წარმოდგენილი ბაჩიაშვილს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, ამგვარ განცხადებას არ აქვს სამართლებრივი დატვირთვა, იგი შესაძლოა მსჯავრდადებულის მიერ განიხილებოდეს ერთგვარ ,,სტრატეგიულ“ სვლად, როდესაც მთავარია რომ გაჟღერდეს გარკვეული დეზინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი დონის მანიპულაციასთან გვაქვს საქმე) და საბოლოოდ ხელი შეუწყოს დამნაშავის მიზნების მიღწევას (ანუ სახეზე გვაქვს მხოლოდ ,,შიშველი პიარი“, რომელსაც სჭირდება საინფორმაციო მხარდაჭერა გავრცელებისათვის). მტკიცებულების არარსებობას რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის, როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც არავინ არ იცნობდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, რომელსაც არ გააჩნია არც აკადემიური ცოდნა პოლიტიკის მიმართულებით და არც პრაქტიკული გამოცდილება, ვინმეს გამოეყენებინა გარკვეული პოლიტიკური აგიტაციისათვის? გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაჩიაშვილის ,,ტაქტიკა“ მუდმივ განახლებას ექვემდებარებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს უბადრუკი პოზიციაც შემდგომ იქნა მის მიერ ,,შემოგდებული“ საქმეში.“ – წერს თეიმურაზ წიქვაძე.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ თითქოს, უკრაინის მიმართ გამოთქმული სიმპათიების გამო სხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. წიქვაძე მიიჩნევს, რომ მსჯავრდადებულმა ეს განცხადება მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციის მიზნით გააკეთა.

„ასეთივე უბადრუკი ტყუილია, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპათიებისა თუ მხარდაჭერის გამო ხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. ადრეც განვმარტე საზოგადოებისათვის, რომ ბაჩიაშვილი არასოდეს დაინტერესებულა პოლიტიკით და არ გამოუხატავს მისი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური შინაარსის ერთ შეკრებასაც კი არ დასწრებია, ვიდრე ეს ჩათვალა აუცილებლად იმისთვის, რომ რამენაირად მოეხდინა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაცია. აქედან აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის ,,თანაგრძნობა“ ვინმეს ან რამის მიმართ არის ფასადური, მხოლოდ მისი პირადი ინტერესებით გამოწვეული მოვლენა. ვერავინ ნახა და არც ბაჩიაშვილს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გამოძიების დაწყებამდე, მან რაიმე პოლიტიკურად აქტიური ქმედება განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს ,,სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან“, რომელსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.“ – აღნიშნულია თეიმურაზ წიქვაძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები