თორნიკე ჭეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს არავითარი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია
„მაღალი შეფასება უნდა მივცე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბექა ძამაშვილს ლომის წილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს კიდევ ერთი, აბსოლუტურად უსამართლო თავდასხმის მოგერიება მოხდა ვაშინგტონის არბიტრაჟში საქართველოს წინააღმდეგ.
„მინდა გავიხსენო წინა, საერთაშორისო არბიტრაჟის ამბავი, რომელიც უკავშირდება პარიზის არბიტრაჟს, როდესაც ხაზარაძე, ჯაფარიძე თუ მათი პარტნიორები, აბსურდული არგუმენტებით სახელმწიფოს მილიარდ-ნახევარ დოლარს ედავებოდნენ. საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ ეს ადამიანები სასამართლოს შესაბამისი განაჩენით ცნობილები არიან, როგორც თაღლითები. ისინი რაღაც მომენტში შეეცადნენ პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიის შექმნა და პოლიტიკოსის ამპლუა გამოეყენებინათ როგორც პოლიტიკური თავშესაფარი, რომელიც, მათი გათვლით, იქნებოდა იმუნიტეტი იმისთვის, რომ მათ მიერ ჩადენილი შესაბამისი დანაშაულებისა გამოძიება არ მომხდარიყო.
ისინი, როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, საქართველოს სასამართლოში დამარცხდნენ, ასევე 2 საერთაშორისო, ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუციაში იწვნიეს მარცხი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარი პოლიტიკური სარჩული ანაკლიის პორტის პროექტს არ გააჩნდა“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.