თავდაცვის სამინისტრო: გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულები სამხედრო პოლიციაში მსახურებდნენ

   დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია 2013 წლის 10 იანვარიდან მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციაში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
„დურმიშხან ღვარჩლიანი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, 2013 წლის 15 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 4 თვის შემდეგ 2014 წლის 15 თებერვალს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.ჯემალ შონია 2013 წლის 13 სექტემბერს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2014 წლის 13 იანვარს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია სამეგრელო- ემო სვანეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გასამხედროებული ქვედანაყოფის წევრები იყვნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ, ისევე, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული სხვა გასამეხდროებული ქვედანაყაფოების წევრებს, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შანსი მიცათ.
თუმცა, დაკისრებული მოვალების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების და საქმის არაჯეროვნად შესრულებისთვის, დურმიშხან ღვარჩლიანმა და ჯემალ შონიამ რამდენიმე თვეში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეიაღებული ძალები დატოვეს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დურმიშხან ღვარჩლიანი, ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი ანგარებით ადამიანის ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა დაგეგმეს და როინ გიორხელიძის შვილი იოსებ გიორხელიძე გაიტაცეს. გამტაცებლები დაუკავშირდნენ როინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 დოლარი მოსთხოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანუ კუდის თანამშრომელი – 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდის თანამშორმელი – 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია – თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით)”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები