ბანგლადეშში, სკოლის ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა და 164 დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, F-7 ტიპის თვითმფრინავს ტექნიკური გაუმართაობა სასწავლო წვრთნებისთვის აფრენის შემდეგ შეექმნა. საჰაერო ძალების ცნობით, დაღუპულთა შორის პილოტიც იყო.
დამწვრობისა და პლასტიკური ქირურგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმის თქმით, 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და მოზრდილები, დამწვრობის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფები ადგილზე სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ.
ბანგლადეშის დროებითი მთავრობის ლიდერმა, მუჰამედ იუნუსმა განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზის გამოსაძიებლად და ყველა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად „საჭირო ზომები“ იქნება მიღებული.
ბანგლადეშში სამშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა, რომლის დროსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნული დროშები ნახევრად დაშვებული იქნება.