Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასების ახალ ზედა ზღვარს დააწესებს
ევროკავშირმა შესაძლოა რუსული ნავთობის ე.წ. ფასის ლიმიტი გლობალურ საბაზრო ფასებს დააკავშიროს.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ ახალ წინადადებას რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის შესახებ, რომელიც ამჟამად ბარელზე 60 დოლარს შეადგენს, რათა შეამცირონ და ავტომატურად გადახედონ მას სამ თვეში ერთხელ საბაზრო ფასების ცვლილების მიხედვით.
ეს ვარიანტი განიხილება მე-18 სანქციების პაკეტის მომზადების ფარგლებში. თუმცა, ის ჯერ არ არის საბოლოოდ დამტკიცებული.
„ევროკავშირმა წინასწარი ნაბიჯი გადადგა რუსული ნავთობის ახალი ფასის ლიმიტით, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის ნავთობის ბარელის ფასის კიდევ უფრო შემცირებას და მასზე ზეწოლის გაგრძელებას მომავალში“, – წერს გამოცემა.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი ადრე არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი იმის გამო, რომ ამ ტიპის სანქციები პრაქტიკაში რეალურად არ ხორციელდება. თუმცა, ამ ნორმის საფუძველზე, ევროპამ რუსული ნავთობის ექსპორტის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღო.
რუსული ნავთობის მცურავი ფასის ზღვრის შემოღება ევროკავშირის მე-18 სანქციების პაკეტის ნაწილად განიხილება, რომელსაც სლოვაკეთი ამჟამად ბლოკავს. ფიცოს მთავრობა მოითხოვს რუსული გაზის დაბრუნებას ან დანაკარგის კომპენსაციას.