დავით ქართველიშვილი: რა მნიშვნელობა აქვს „დიფ სთეითისთვის” რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი სად გაიხსნება – საქართველოში თუ არ გამოუვიდა, აზერბაიჯანში გააჩენს ხანძარს
„კოლექტიური დასავლეთი, გარწმუნებთ,რომ იქნება ძალიან კმაყოფილი, თუკი რუსეთს ნერვები უმტყუნებს და ამჯერადაც თავისი ინტერესების, კულტურისა თუ რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით მიმართავს იმ მწვავე ოპერაციებს, რასაც აქამდე არაერთხელ მიმართა,” – განაცხადა „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას. ექსპერტმა სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, აზერბაიჯანსა და სომხეთში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები სპეცსამსახურების საქმიანობის კვალს წარმოადგენს, რომელსაც წინა წლებში მათრახის და ახლა თაფლაკვერის ეფექტი აქვს. მათრახი ეკავა აშშ-ს პროტექტორატის ქვეშ მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებმაც თავის დროზე ხავერდოვანი რევოლუციის გზით მოიყვანეს ფაშინიანი. მან ბოლომდე ვერ შეასრულა ის დავალება, რაც დაკისრებული ჰქონდა. იმავეს ვადევნებთ თვალს აზერბაიჯანში.
ახლა მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება. ბრიტანეთში სპეცსამსახურებს ძალიან საინტერესო ადამიანი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც მკვეთრად შეცვალა თავისი დამოკიდებულება, ტაქტიკა და სტრატეგია სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით. დღეს მე ვხედავ იმის ნიშნებს, რომ ლონდონიდან სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ექსპერიმენტებს არ ექნება ადგილი, თუკი ჩვენ საერთო კონცეფციას შევიმუშავებთ სამხრეთ კავკასიაში დასავლური ძალების გაძლიერებისა და რუსეთის განდევნის კუთხით.
კოლექტიური დასავლეთი, გარწმუნებთ, იქნება ძალიან კმაყოფილი, თუკი რუსეთს ნერვები უმტყუნებს და ამჯერადაც თავისი ინტერესების, კულტურისა თუ რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით მიმართავს იმ მწვავე ოპერაციებს, რასაც აქამდე არაერთხელ მიმართა,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
დაუშვებს თუ არა რუსეთი სამხრეთ კავკასიის ხელიდან გამოცლას, ამ კითხვაზე პასუხისას ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დიფ სთეითისთვის” არ აქვს მნიშვნელობა, სად გაიხსნება მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.
„რა მნიშვნელობა აქვს „დიფ სთეითისთვის” რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი სად გაიხსნება – საქართველოში თუ არ გამოუვიდა, აზერბაიჯანში გააჩენს ხანძარს, რომელიც მთლიანად სამხრეთ კავკასიას მოედება. ამიტომ, წაუგებელი პარტია თამაშდება ბაქოსა და ერევანში, როდესაც ერთი მხრივ, ანტი რუსული განწყობები აღწევს თავის პიკს და მეორე მხრივ, მიდის მაქსიმალური პროვოცირება პუტინის რუსეთის და კრემლის, როცა ეუბნებიან – აგერ იმავეს გიკეთებენ და ბედავენ, რაც თავის დროზე გაგიბედეს უკრაინაში და რა განსხვავებაა ამ ორ ლოკაციას შორის? მიდი რა, შედი, დასცხე!” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.