“პოლიტიკურად მართული და პოლიტიზებული მედიის წარმომადგენლების მთავარი მიზანი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა” – გორდულაძე
“პოლიტიკურად მართული და პოლიტიზებული მედიის წარმომადგენლების მთავარი მიზანი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
მისი თქმით, ყველა მათგანი ცდილობს, შოუ დაიდგას და სასამართლო სხდომები არ ჩატარდეს.
“მთავარი, რისთვისაც სასამართლო არსებობს, ისაა, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და ადამიანებს თავისუფლად ჰქონდეს შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თავიანთი უფლებები დაიცვან, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს და მშვიდ გარემოში იმუშაოს. ამის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილია ცვლილებები, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელია ფოტო/ვიდეო გადაღება სასამართლო მიმდინარეობისას, ხოლო ასეთი დაშვების შესაძლებლობა არსებობს თუ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, თავად გაავრცელოს შესაბამისი კადრები, ხოლო თუ მედიას აქვს სურვილი, რომ კონკრეტულ მხარეებთან ინტერვიუ ჩაწეროს, ეს ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. სხდომათა დარბაზი არ და ვერ შეიძლება იყოს შოუს დადგმის ადგილი“, – აცხადებს გორდულაძე.
სასამართლოში ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის.