შარმანაშვილი – „მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ძალიან რთული იყო უკანონო მიგრანტების გაძევების პროცედურა, იმდენად დიდი პროცესი იყო, რომ შეიძლება, ერთი წელიც კი გაწელილიყო
„ძალიან რთული იყო უკანონო მიგრანტების საქართველოდან გაძევების პროცედურა. იმდენად დიდი პროცედურა იყო, რომ, რომ დავიწყებდით, ნახევარ წელზე მეტი ან შეიძლება ერთი წელიც კი გაწელილიყო ეს პროცედურა საქართველოდან გაძევების” – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.
“ახლა, როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის შეტანილი დებულებები, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საკითხებზე განაჩენში, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეში გადაწყვეტილებებზე შეიძლება მიეთითოს, როგორც სასჯელის ასევე, სახდელის სახეობად ქვეყნიდან გაძევება“, – ამბობს შარმანაშვილი.
პარლამენტი დღეს „მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
კანონპროექტის მიხედვით იცვლება საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების წესები. მარტივდება ქვეყნიდან გაძევების პროცედურა.