„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ებრძვიან არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა. რეალურად რა ხდება – საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არის ხელის შემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილსა და შანტაჟზეა დაფუძნებული. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა; ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, ხელი ასწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს – სტატუსი დანაშაულს ვერ აღუდგება ფარად. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ ბიზნესმენი, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.