“ანკარაში ვიზიტისას ვისაუბრეთ იმაზე, რომ შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა მიუღებელია და, სამწუხაროდ, ეს ახალი ტენდენციაა, რომ უფრო ხშირად ხდება უცხოელი აქტორების ჩარევა საშინაო საქმეებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.
მისი თქმით, ანკარაში გამართულ შეხვედრებზე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც ისაუბრეს და მოსაზრებები გაცვალეს.
„ჩვენი საერთო გზავნილია, რომ საქართველომ და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ, რათა ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის თურქეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თურქეთში მშვიდი და სტაბილური გარემო იყოს, რაც საჭიროა რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად.
თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტი მათთვისაც მიუღებელია და ისინი ხშირად არიან ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი, რადგან რაც შეიძლება, კარგი იყოს ევროპაში ან ამერიკაში, ის როგორ შეიძლება, ცუდი იყოს საქართველოში ან თურქეთში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა მიუღებელია და სამწუხაროდ, ეს ახალი ტენდენციაა, რომ უფრო ხშირად ხდება უცხოელი აქტორების ჩარევა საშინაო საქმეებში.
მათ ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალში. ინფორმაცია მივიღეთ იმის თაობაზე, თუ როგორ მიდის მოლაპარაკება ქურთისტანის მუშათა პარტიის დაშლის შემდეგ. ასევე, სირიაში მიმდინარე პროცესებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, რადგან ასადის რეჟიმმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. თურქულ მხარეს შუამდგომლობა ვთხოვეთ, სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ მათ ეს აღიარება უკან წაიღონ, რის შემდეგაც მზად ვიქნებით, რომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.