პაპუაშვილი – თურქეთში ვიზიტზე: გვაქვს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის; უპირველესად, ეს ეხება უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შენარჩუნებას, რაც დღეს გამოწვევაა რეგიონისთვის

“თურქეთის პარლამენტში გვქონდა შეხვედრა, გვაქვს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შენარჩუნებას, რაც დღეს გამოწვევაა რეგიონისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანკარაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით.

‘მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მას ვესტუმრო. პარლამენტში გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან, კომიტეტების წარმომადგენლებთან. გვაქვს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ორივე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შენარჩუნებას, რაც დღეს გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის და პარლამენტებს, საპარლამენტო დიპლომატიას გადამწყვეტი როლი აქვს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ზრდისა და, ზოგადად, რეგიონისთვის ეკონომიკურ განვითარებას, შუა დერეფანს რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მგონი, ამ დღეებში ბევრმა გააცნობიერა მას შემდეგ, რაც რუკას დახედა და აღმოაჩინა, ფრენების გადამისამართება საით მოხდა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას აქვს პერსპექტივა, ხოლო სადაც არის ომი, ბუნდოვანი გარემო, იქ განვითარება რთულია. ჩვენი ორი პარლამენტი ამ მხრივ თანამშრომლობას აპირებს. ასევეა რეგიონული თანამშრომლობა. ორი წლის წინ დავაინიცირეთ სამმხრივი ფორმატი თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით და პირველი შეხვედრა უნდა გამართულიყო 2023 წელს თურქეთში, თუმცა მაშინ მიწისძვრის გამო შეხვედრა გადაიდო. შევთანხმდით, რომ წელს აუცილებლად გავმართოთ პირველი სამმხრივი შეხვედრა პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე იქნება განხილული საპარლამენტო თანამშრომლობა რეგიონულ ჭრილში. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხანში ვუმასპინძლებთ თურქეთის პარლამენტის დელეგაციას, შემოდგომაზე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიზიტი თურქეთში. ასე რომ, კიდევ უფრო გამყარდება ეს ურთიერთობები, რომელიც, მათ შორის ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ეფუძნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, რუმან ქურთულმუშის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები