მერაბ ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება
საბურთალოს რაიონის გამგეობა, მერაბ ალექსიძისა და ბერბუკის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულად იცვლება არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.
„პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება საჰაერო ელექტროსადენები. მოეწყობა გარე განათების ქსელი და მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სატრანსპორტო სქემას, მერის თქმით, იგი შედგენილია თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ.
„აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, ქუჩებზე გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული, როგორც ფეხით ისე ავტომობილით გადაადგილებისას. პროექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.