თეა ახვლედიანი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორის სამიტზე, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბუდაპეშტში გამართული საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეორე სხდომის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა მაღალი რანგის შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ეროვნული, ეთნიკური, ეკლესიის პოლიტიკისა და დიპლომატიის მინისტრ ჟოლტ შემიენთან.
„ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე; ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთში სხვადასხვა ეთნოსის ცხოვრების ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით დამკვიდრებულ ურთიერთობებზე, ასევე ერთმანეთს გააცნეს ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოების საინტეგრაციო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები. თეა ახვლედიანმა აქცენტი გააკეთა სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე იმ ძალისხმევასა და შედეგების დინამიკაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ეთნოსის და კულტურის წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ჩართულობის, განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერების კუთხით ახორციელებს.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი მეორე სამიტი ცალსახად და უაღრესად მნიშვნელოვნად ფასდება იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს მთავრობის მუშაობის ყველა მიმართულებით გამართული ინტენსიური განხილვები და ინტერაქცია შესაძლებლობას ქმნის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ორმხრივი პარტნიორობა და გავაფართოოთ თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ამ კონტექსტში აღვნიშნავდი, რომ შეხვედრა მქონდა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ბატონ ჟოლტ შემიენთან, რომელთანაც შესაძლებლობა გვქონდა სიღრმისეულად განგვეხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატის ყველა პრიორიტეტული მიმართულება, გაგვეზიარებინა მოსაზრებები, მიღწეული შედეგები, დანერგილი პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება, ჩვენი საქმიანობის შედეგად ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალი ამ მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად. უნგრეთმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაადასტურა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
თავის მხრივ, უნგრეთის ვიცე-პრემიერმა ჟოლტ შემიენმა სახელმწიფო მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.