თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საოპერო საღამოს უმასპინძლებს
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, 10 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საოპერო საღამოს უმასპინძლებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს საოპერო სცენის ვარსკვლავები: ლუდოვიკ ტეზიერი (ბარიტონი), ანალიზა სტროპა (მეცო-სოპრანო), რეიჩელ უილის-სორენსენი (სოპრანო), ფრანჩესკო დემურო (ტენორი), გიორგი ანდღულაძე (ბანი).
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს უხელმძღვანელებს იტალიელი დირიჟორი კარლო მონტანარო.
პროგრამაშია ჯუზეპე ვერდის, გაეტანო დონიცეტის, ჯოაკინო როსინისა და ჟიულ მასნეს ცნობილი არიები და სცენები.
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გალა კონცერტის რეპეტიციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.
„ბედნიერებაა, როდესაც ხელოვნების ზეიმია შენს ქვეყანაში, ამ ზეიმს აქვს თორაძეების სახელი, ჩამოდიან მსოფლიო დონის საოპერო ვარსკვლავები. დიდი მადლობა გიორგი ანდღულაძეს, რომელმაც თორაძეების ფესტივალთან კოლაბორაციით ძალიან სწრაფად დაგეგმა და უმაღლესი კატეგორიის მსოფლიო საოპერო ხელოვნების დიდი ვარსკვლავების ჩამოყვანა შეძლო. ხვალ ოპერაში იქნება ნამდვილი მუსიკის ზეიმი. საოპერო ხელოვნება არის ხელოვნებათა შორის უმაღლესი რანგის დარგი, რომელსაც თაგრმნა არ სჭირდება. ეს ის სფეროა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოსთან. მადლობა ყველას, პირველ რიგში თორაძეებს, მათ სახელს, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ასე გულუხვად ეხმიანებიან და მოდიან ამ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ტარდება.