საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა

საქართველოს კულტურის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დააფუძნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის დაფუძნების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და ფესტივალის ხელმძღვანელმა, მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა, ქართველმა ბანმა გიორგი ანდღულაძემ.
საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით დაფუძნებული ყოველწლიური ფესტივალის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საოპერო თეატრალური ხელოვნების განვითარება, ახალგაზრდა თაობის საოპერო ხელოვნებით დაინტერესება და მათი ხელშეწყობა.
„თბილისის საერთაშორისო საოპერო ფესტივალის დაფუძნება უმნიშვნელოვანესია ისეთი დიდი საოპერო ტრადიციების მქონე სახელოვნებო ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ვფიქრობ, შეიძლება ეს ქვეყანა მსოფლიო რუკაზე დავიტანოთ, როგორც დიდი საოპერო ლოკაცია, რომელიც მიიპყრობს ათასობით ოპერის მოყვარულს და ჩვენ შევძლებთ, ქართული საოპერო ხელოვნება ერთად განვავითაროთ და კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე წარმოვაჩინოთ მსოფლიოში“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მოიწვევენ მსოფლიოში ცნობილ საოპერო ხელოვანებს. ჩატარდება მასტერკლასები, ქართველი სტუდენტებისთვის იქნება გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები