თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის პირველი კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის პირველი კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპოზიტორ დავით თორაძის და პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მესამე ფესტივალი გოგი ჩლაიძის საფორტეპიანო კონცერტით – „კალეიდოსკოპი“ გაიხსნა, რომელიც კომპოზიტორმა ლექსო თორაძეს მიუძღვნა. ნაწარმოები შეასრულეს პიანისტმა ვახტანგ კოდანაშვილმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. კონცერტზე შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა. თინათინ რუხაძემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
„განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ამ ფესტივალთან და ორკესტრთან. ორივეს დაფუძნებაშიც, იდეაშიც, წვლილი მაქვს შეტანილი. მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანას ამდენი ახალგაზრდა ეყოლება პროფესიულ, კლასიკურ მუსიკაში. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ კულტურის სამინისტროს მხრიდან, რომ წელს ეს ფესტივალი ჩატარებულიყო. მადლობელი ვარ, რომ რეგიონებში გადიხართ და გსურთ მეტი ახალგაზრდა მოიზიდოთ კლასიკურ მუსიკაში.
წარმატება თქვენს ფესტივალს, თორაძეები მომავლისთვის! მჯერა, რომ თორაძეები და კულტურის სამინისტრო მომავლისთვის ბევრს გავაკეთებთ!“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საღამოს ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე.
ფესტივალი 18 ივნისამდე გაგრძელდება. გაიმართება კონცერტები თბილისსა და რეგიონებში.