ა.თ.ე.ა-მ პროექტის „EcoYOU“ ფარგლებში რუმინელ და მოლდოველ პარტნიორებს უმასპინძლა

2-6 ივნისს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) უმასპინძლა საერთაშორისო პროექტის „EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის“ პარტნიორებს – რუმინეთიდან და მოლდოვიდან.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ცნობით,
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე, ეკომეგობრული ქცევის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული ღონისძიებები. აქტივობები განხორციელდა ა.თ.ე.ა-ს ორგანიზებით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების აქტიური ჩართულობით.

,,ორგანიზატორებთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობდნენ უცხოელი პარტნიორები, ადგილობრივი ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე მასწავლებლები და თემით დაინტერესებული პირები.

ხუთდღიანი ღონისძიებების ციკლი მოიცავდა თეორიულ სესიებს, დისკუსიებს ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოლოგიურად პასუხისმგებელ ქცევებზე, ეკო-ბანაკის მოწყობის ტრენინგს, ფოკუს ჯგუფებს და ერთობლივ ბანაკს.

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, გაიმართა დასუფთავების აქცია, რომელშიც ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ასევე ჩატარდა სემინარი სახელწოდებით – „8 ზეგანაკვეთური საათი ეკოლოგიურად დადებითი ზემოქმედებისთვის“, სადაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს. პარალელურად მიმდინარეობდა ფოკუს ჯგუფების დისკუსიაც.

აღსანიშნავია, რომ პროექტს „EcoYOU“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme) ფარგლებში, საქართველოში კოორდინირებას უწევს ა.თ.ე.ა.

EcoYOU-ს მიზანია თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის დონის გაზრდა გარემოს დაცვის აქტივობებში, განსაკუთრებით მიკროპლასტმასის შემცირების კუთხით მდინარეების, ტბებისა და ზღვის სანაპიროებზე. პროექტი ასევე აძლიერებს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის, როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვასა და რუმინეთში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები