საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც 5-7 ივნისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და ქართული კულტურის დღეები გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
თინათინ რუხაძემ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ კოჩარიანთან, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროს ასტგიკ მარაბიანთან და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიორგი შარვაშიძესთან ერთად ფარაჯანოვის პირადი ნივთები და ნამუშევრები დაათვალიერა და შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
კულტურის მინისტრმა მეგერიანის ხალიჩების ფაბრიკის სამუზეუმო სივრცეში გამოფენილი უნიკალური ხალიჩები დაათვალიერა და მათი ქსოვის ტრადიციებს გაეცნო.
დღესვე თინათინ რუხაძე მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევით ცენტრს, მატენადარანს ესტუმრება.
დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან და მინისტრის მოადგილეებთან.
საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეებზე საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას მუსიკალურად გააფორმებენ დავით მაზანაშვილის ბენდი, ანსამბლი “ფორტე”, აჩიკო ნიჟარაძე და დათო ხუჯაძე. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება ანსამბლ “ერისიონის“ გალა კონცერტი – „ქართული საგანძური“ და გამოიფინება ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“, მოეწყობა ღვინის და ქართული კერძების დეგუსტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები