ეროვნული სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იმედის“ 40 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იმედის“ 40 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საღამო, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, ანსამბლის პედაგოგ-ქორეოგრაფებს, ნუნუ ღვინერიასა და ჯემალ რეხვიაშვილს მიეძღვნა.
ჯემალ რეხვიაშვილს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელმა კახაბერ მარკოიშვილმა ქართული ქორეოგრაფიის რაინდის წოდება მიანიჭა.
კონცერტის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ეროვნული სასახლის დირექტორმა ნინა ყიფიანმა და საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათა სვანიძემ. მათ ანსამბლს წარმატებით ჩატარებული საღამო მიულოცეს და აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა უსურვეს. ჯემალ რეხვიაშვილმა საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები