ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს ოთარ შიუკაშვილის ფერწერული ტილო – „ბროწეულები ლანგარზე“ გადასცეს საჩუქრად

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სამადლობელ სტატუსს აქვეყნებს. განსაკუთრებულ მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, სასცენო ხელოვნების მკვლევარს, ქალბატონ ნანა ღონღაძეს, რომელმაც ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს ოთარ შიუკაშვილის ფერწერული ტილო: „ბროწეულები ლანგარზე“ გადასცა.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, სასცენო ხელოვნების მკვლევარს, ქალბატონ ნანა ღონღაძეს იმ გამორჩეული ძღვენისათვის, რომელიც ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს გადასცა.
ქალბატონმა ნანამ მუზეუმს უსახსოვრა ოთარ შიუკაშვილის ფერწერული ტილო: „ბროწეულები ლანგარზე“…
ოთარ შიუკაშვილი (1921-1995) ემიგრანტი მხატვარია, 1986 წლის დეკემბერში დიდმა ჟურნალმა „სამყარო და მე“ (ვაშინგტონი) თავისი ფურცლების დიდი ნაწილი დაუთმო ქართველი მხატვრის შემოქმედებას. ამავე დროს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა, ხოლო 1987 წლის იანვარში გაიხსნა პერსონალური გამოფენა ტაივანში. ოთარ შიუკაშვილის მრავალი ნამუშევარი, ჯერ კიდევ ემიგრაციამდე, შეიძინა მოსკოვის, ლენინგრადისა და ვოლგოგრადის მუზეუმებმა. მხატვარი ძალიან პოპულარული გახდა ამერიკელ და ევროპელ კოლექციონერებში. მისი ნამუშევრები იყიდებოდა აუქციონებზე. გარდა კოლექციონერებისა, სურათებს დიდი ბანკები და ოფისებიც ყიდულობდნენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით: დღემდე საქართველოში მხატვრის მხოლოდ ერთი ნახატი იყო დაცული. ეს არის მისი ქალიშვილის (პირველი ქორწინებიდან), ლალის პორტრეტი, რომელიც მან თბილისის მუზეუმს აჩუქა
(იხილეთ წყარო: https://ka.wikipedia.org/…/%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90%E1…
ქალბატონმა ნანა ღონღაძემ ასევე მუზეუმს უსახსოვრა აშშ-ში პარფიუმერული კომპანიის დამაარსებლის გიორგი მაჩაბლის მიერ გამოშვებული სუნამო „პრინცი მაჩაბელი“. შეგახსენებთ რომ მაჩაბელმა მეგობრებთან ერთად 1926 წელს დააარსა ცნობილი პარფიუმერული კომპანია სახელწოდებით „Prince Matchabelli Perfume Company“.
ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები. სუნამოსთვის ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ორქოსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო. სწორედ ასეთი გვირგვინი გახდა ხელოვნების სასახლის კუთვნილება. მუზეუმის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქალბატონ ნანა ღონღაძეს ამ მამულიშვილური ქმედებისათვის“< – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები